(+ვიდეო) “ივანიშვილი ამტკიცებს რომ რთველი წარმატებულად მიდის მაშინ როდესაც რქაწითელის ფასი 80 თეთრია”

„ნაციონალური მოძრაობიდან“ კახეთის ოთხ საარჩევნო ოლქში წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ყურძნის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. როგორც გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის 4 წლის წინანდელი დაპირების მიუხედავად, კილოგრამი რქაწითელის ჩასაბარებელი ფასი 80 თეთრია.

განცხადების გაკეთებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის დაპირების კადრები ეკრანზე უჩვენეს.

„ივანიშვილი კვლვა ურცხვად განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ იმაზე მეტი გააკეთა, რაც 2012 წელს დაპირდა ხალხს. ის ამტკიცებს, რომ წელს კახეთში რთველი წარმატებულად მიდის მაშინ, როდესაც რქაწითელის ფასი არის 80 თეთრი. ისიც აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით ლარი გაუფასურებულია 40%-ით. ივანიშვილი ამბობდა, სამარცხვინოა ყურძენი რომ ლარი ღირდესო, დღეს ამბობს რომ ხელისუფლების მიმართ მუდმივი მოთხოვნა არ უნდა იყოს, რომ ყურძენი 1 ლარზე მეტი ღირდეს. დღეს ქართველი მევენახე არის უყურადღებოდ. არავინ აქცევს ყურადღებას როცა თავს ატყდება სტიქიური უბედურება, არავინ აკონტროლებს შესაწამლ, უხარისხო მასალებს, რამაც წელს კახელ გლეხს მოსავალი გაუნახევრა. 2012 წელს გლეხები მაშინვე იღებდნენ ყურძნის ანაზღაურებას, დღეს კი დაახლოებით 20 სამუშაო დღეში“, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

ღვინიაშვილის თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და მდგრადი ბაზრების მოპოვება.

პარტიის ახმეტა-თელავის მაჟორიტარობის კანდიდატის შაქრო ტერტერაშვილის თქმით, რქაწითელის ჩასაბარებელი მინიმალური ფასი 1 ლარი უნდა იყოს.

„ჩვენს დროს გლეხი როცა იწყებდა ვენახის სამუშაოებს, იცოდა გარანტირებულად რა ფასი უნდა მიეღო და შესაბამისად ხარჯებს ითვლიდა ისე. ეს წლებია ვუყურებთ, რომ ხელისუფლება თავიდან ურცხვად იძახის, რომ 1 ლარი იქნება ფასი, შემდეგ იძახის, რომ 35 თეთრი ჯდება თვითღირებულება და 40 და 50 თეთრს თუ გადაუხდიან, გლეხი მოგებული დარჩება. ყურძნის ჩაბარება უნდა დავიწყოთ მინიმუმ ერთი ლარიდან და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყურძნის ფასის ზრდა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა შაქრო ტერტერაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყურძნის ფასთან დაკავშირებით 22 სექტემბერს თელავში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა: „დღესაც გავიმეორებ, რომ 1 ლარი არ უნდა ღირდეს ყურძენი, უფრო მეტი უნდა ღირდეს, მაგრამ არ შეიძლება ხელისუფლებას მოვთხოვოთ მუდმივად რატომ არ ღირს, მიზეზები თუ არ გვაქვს შესატყვისი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) 90 წლის პროდიუსერი ობამასთვის შარვლის ჩახდას შეეცადა
შემდეგი სტატიაუკრაინის რადაში “ორცხობილის”  ჩხუბი გაიმართა