(video) ირაკლი მამალაძის თქმით, გამოძიებამ კიდევ ერთი პირი დაკითხა, ვისაც დეკანოზმა ციანიდი თხოვა

„მე მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩატარდეს, რომ მე იარაღთან არანაირი შეხება არ მქონია“ – აცხადებს აქცენტების ეთერში ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ ერთ-ერთ ნივთმტკიცებულებაზე.

მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძის წერილის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა, რომლის გაგზავნასაც, სავარაუდოდ, წმინდა სინოდისთვის აპირებდა. მისი განმარტებით, დეკანოზი კონკრეტულ შემთხვევებზე აწვდიდა მხოლოდ ინფორმაციას. მან აღნიშნა, რომ თეოდორე ჭუაძესთან დაკავშირებული ინფორმაციაც მის მიერ მიწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით ჰქონდა.

ირაკლი მამალაძის განცხადებით, ის პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს რამდენჯერმე შეხვდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ კიდევ ერთი პირი დაკითხა, რომელსაც მამა გიორგი მამალაძემ მომწამვლელი ნივთიერება თხოვა.

„მამა გიორგისთან მე მქონდა ძალიან ახლო დამოკიდებულება და მისთვის არ აღვიქმებოდი როგორც მხოლოდ ჟურნალისტი,“ – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძემ ციანიდი თავდაპირველად 23 იანვარს სთხოვა. როგორც ის აცხადებს, მან თავიდანვე დაინახა საფრთხე და დეკანოზის მიერ ფურცელზე დაწერილი სიტყვა – ციანიდი მტკიცებულებად შეინახა. რამდენიმე დღეში კი, ადვოკატ ირმა ჭკადუასთან მივიდა და სთხოვა გაეფრთხილებინა საპირისპირო მხარე, რათა მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აერიდებინათ.

„ეს ადამიანები იყვნენ რადიკალურად დაპირისპირებული მეუფე იაკობთან, თეოდორე ჭუაძესთან, შორენა თეთრუაშვილთან და აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი პირველ ეტაპზე, რომ ეს რამენაირად პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული,“ – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისი თქმით, პროკურატურას უთხრა, რომ მაღალ სასულიერო პირს ან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საფრთხე ემუქრებოდა. ირაკლი მამალაძე სასულიერო პირის ქმედების სავარაუდო მოტივად კარიერულ წინსვლას და არსებულ დაპირისპირებას ასახელებს.

ჟურნალისტის თქმით, მას ახლაც არ ეპარება ეჭვი, რომ საფრთხე უშუალოდ პატრიარქს ემუქრებოდა.

https://youtu.be/eSpSjQKzeV8

banner
წინა სტატიაში(video) გავრცელდა სტალინის დაკრძალვის აქამდე უცნობი კადრები
შემდეგი სტატია(video) მიხეილ რამიშვილი ვიდეოჩანაწერების ტექტის ნაწილს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ პროკურატურა ცრუობს