(VIDEO) გიორგი მარგველაშვილი – მეამაყება, რომ ვხედავ ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მხარდამხარ ქართულ მიწაზე ჩვენი ერების კეთილდღეობის დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2017” მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ.

 


მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრამდე გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა შერეულ საავიაციო ბაზაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
სწავლების მონაწილე კონტინგენტს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები, ინტერესები და თავისუფლებისთვის სწრაფვა აერთიანებს. დღეს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ დგანან, რათა დაიცვან გლობალური სტაბილურობა, რითიც ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვინარჩუნებთ უსაფრთხოებას საერთო, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისათვის.
„მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ დგანან ქართულ მიწაზე. თქვენ ერთად დგახართ ჩვენი ღირებულებებისა და ღირსებისათვის. თქვენ მხარდამხარ დგახართ ჩვენი თავდაცვისთვის. თქვენ ერთად დგახართ ჩვენი ხალხის თავისუფლებისათვის.
და ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის. ბატონო ვიცეპრეზიდენტო, თქვენ ხართ ქვეყანაში, რომელმაც ბევრი ბრძოლა გადაიტანა თავისუფლებისათვის და ღირსებისთვის გამარჯვების ძლიერი შინაგანი რწმენით. საუკუნეების მანძილზე ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს ეს რწმენა და დაგვიმარცხებია უძლიერესი იმპერიები.
თავისუფლება ქართველებისთვის და ამერიკელებისთვის უმაღლესი ღირებულებაა. სწრაფვა თავისუფლებისთვის აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენი ქვეყნები ბუნებრივი პარტნიორები არიან, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და მიზნებს იზიარებენ. ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორი. მათ მინიჭებული აქვთ განუყოფელი უფლებები, რომელთა შორის არის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება.


ამ სულისკვეთებით შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. იმავე სულისკვეთებით საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას. ამ გზაზე ამერიკელი ხალხის და მთავრობის დახმარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ამ გზაზე ჩვენ საერთო იდეალები, მიზნები და საერთო გმირებიც კი გაგვაჩნია, როგორიც არის ჯორჯ ბალანჩინი, დიდი ალექსანდრე ქართველი და გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. მაგრამ ჩვენი ღირებულებები და ცხოვრების წესი გამოწვევების წინაშე დგას. ქალბატონებო და ბატონებო, ამ მოცემულ მომენტში რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით აღმართულია მავთულხლართები, რომლებიც ხელს უშლის ჩემს თანამემამულეებს თავისუფალ მოძრაობაში. რამდენიმე კილომეტრში ადამიანებს დევნიან მხოლოდ ქართველობისთვის. ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რადგან საქართველომ გადაწყვიტა ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
ეს გრძელდება უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, იმისათვის რომ შეეჩერებინა რუსეთი, რათა არ მოქცეოდა სამეზობლოს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. ამ პოლიტიკას არ გააჩნია საზღვრები, თუ მას არ შევაჩერებთ.” აღნიშნა უმაღლესმა მთავარსარდალმა

 

https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/798306793670929/

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ყველაგან პუტინის ინტერესია, რომელიც ხან ემთხვევა ქარველი ოლიგარქის და გაზპრომის მსხვილი აქციონერის, ხან უკრაინელი ოლიგარქის ინტერესებს
შემდეგი სტატიარა მიზნით შეხვდა „ოცნების“ წევრი ზურაბ ადეიშვილსა და დავით ბაქრაძეს – ტელეკომპანია „იბერიას“ ექსკლუზიური ინტერვიუ