(Video) დიმიტრი შაშკინი : კრწანისის სამხედრო ბაზაზე დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის აზრით, კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს.
როგორც შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო რომან შენგელიას განცხადება იმის თაობაზე, რომ გამოძიებას ენდობა.
„მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ამ ოჯახს, სადაც არის დიდი უბედურება. მოგეხსენებათ, რომ ამ ბატონის მეორე შვილი მსახურობს ამ ბაზაზე. ცოცხალი ადამიანიც არის ხომ? მის ბედზე ვსაუბრობთ და აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ გამოყენებული იქნება ყველა ბერკეტი, რათა ოჯახი გაჩუმდეს“, – აღნიშნა შაშკინმა.
მისი აზრით, თავდაცვის სამინისტრო ახლა ცდილობს სისტემური პრობლემის დამალვას, რომელიც უცხო პირების სამხედრო ბაზაზე შესვლას ეხება და რასაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.
„კრიტიკული აზროვნება ოდნავაც რომ გამოიყენოთ, თქვენ მიხვდებით, თუ რას აკეთებს ახლა თავდაცვის სამინისტრო. პირველ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა, საუბარი იყო თავდასხმაზე კრწანისის სასწავლო ცენტრზე. მერე ეს შეიცვალა და ახლა გამოძიება ხელოვნურად მიჰყავთ ქურდობისკენ ან ძარცვისკენ. ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დაიმალოს ის პრობლემა, რომელიც იქ არსებობს.“ – განაცხადა შაშკინმა.
მისი აზრით, გამოძიება უნდა წავიდეს ძალიან მარტივი გზით და პირველ რიგში დაადგინოს, ამ ობიექტზე შესვლის მარშრუტი, რის შემდეგაც ძალიან მარტივი იქნება დადგენა, ვისი პასუხისმგებლობა იყო.
„მე მაქვს საფუძვლიანი, ჩემი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ეს იყო რომელიმე ოფიცრის, კაპრალის ან სერჟანტის დონეზე მოგვარებული საკითხი, რომ ისინი ატარებდნენ მეგობრებთან მოსულ სამოქალაქო პირებს“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო შეცდომას უშვებს, როცა არ ითვალისწინებს, რომ იქ არიან აშშ-ის და ნატო-ს ოფიცრები და ამერიკის მთავრობა, ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავის გამოძიებას ჩაატარებს, რომელიც არ იქნება საჯარო, თუმცა თავდაცვის სამინისტროსთან „სერიოზული საუბრები“ ექნებათ.
„ეს ჩვენ დაგვიმალავენ და გვეტყვიან, რომ სამი ტყვია მოიპარა და გაიქცა. დიდი უბედურება მოხდა, რომ ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ამას მოჰყვება კიდევ უფრო დიდი უბედურება – ნდობის დაკარგვა ჩვენს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.  თავის დროზე მყვინთავების დაღუპვის დროს რომ ყოფილიყო მიღებული სწორი ზომები, არ მოხდებოდა ბოდბე. ბოდბეში მომხდართან დაკავშირებით რომ მიეღოთ სწორი გადაწყვეტილებები, არ მოხდებოდა ეს ფაქტი. ანუ, თუ შენ გინდა პრობლემების მოგვარება, უნდა აღიარო, რომ პრობლემა არსებობს“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე თქმით, ეს პრობლემები უწყებაში დიდი ხნის წინ დაიწყო და ლევან იზორიას ბრალი მხოლოდ ის არის, რომ ახლა აძლევს თავის აპარატს უფლებას, დამალონ რეალური ფაქტები.

https://www.youtube.com/watch?v=KD9CCqWtOE0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიენმ: “ოცნების” კოორდინატორი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ემუქრება
შემდეგი სტატიაიტალიაში ისევ ძლიერი მიწისძვრა მოხდა