(VIDEO) ბიუროს სხდომაზე უსუფაშვილმა და ვოლსკიმ იკამათეს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკიმ 15 აგვისტოს ბიუროს სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით იკამათეს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე შეხვედრას ვერ დაესწრებიან, ის წინასწარ გააფრთხილონ.

უსუფაშვილის რეპლიკას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან საორგანიზაციო დეპარტამენტი საქმის კურსში წინასწარ ჩააყენა, რომ ბიუროს სხდომას ვერ დაესწრებოდა.

ვოლსკის საპასუხოდ უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საორგანიზაციო კომიტეტში მან ინფორმაცია მოიძია, სადაც განუცხადეს, რომ სხდომას გია ვოლსკი არ დაესწრებოდა და არა სხვა დეპუტატები.

„მოგიწოდებთ, ერთმანეთს უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ და როგორც მე ვცდილობ თქვენს წინასწარ ინფორმირებას, თქვენგანაც ასეთივე დამოკიდებულებას ველოდები“, – მიმართა უსუფაშვილმა გია ვოლსკის.

ვოლსკი უსუფაშვილის საპასუხოდ დაინტერესდა, რა ინფორმაციის მიწოდებას ელოდება სპიკერი მისგან.

„თქვენ ითხოვთ წინასწარ გითხრათ ბიუროს სხდომაზე ვინ იქნება და ვინ არა?!” – მიმართა უსუფაშვილს ვოლსკიმ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„ე.ი. თქვენ არ გეცოდინებათ ვინ შეძლებს ბიუროს სხდომაზე მოსვლას. თუ ბიუროს სხდომა დაინიშნება, თქვენ აღარ დაგიკავშირდებით. თუ გნებავთ, შემიძლია ეს საუბარი გავაგრძელო აქ, ჩემთან, თქვენთან, ან პირდაპირ ეთერში. ორშაბათს ბიუროს სხდომა უნდა გამართულიყო. შვიდი კაცი ვიჯექით და ერთმანეთს ვუყურებდით, გელოდებოდით ვინ მოვიდოდა“, – მიმართა უსუფაშვილმა ვოლსკის და კოლეგიალობის დაცვა მოსთხოვა.

მაშინ, როდესაც ვოლსკი პასუხის გაცემას ცდილობდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ კი, აღნიშნულ საკითხზე ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეკამათნენ.

15 აგვისტოს ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომას, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ასევე უმრავლესობა არ დაესწრო.

https://www.youtube.com/watch?v=1mxzramq9nI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშითურქეთის ციხეებს 38 000 მსჯავრდებული დატოვებს
შემდეგი სტატიასამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა