(+ვიდეო) ახმედ იმამყულიევი საგანგებო განცხადებას აკეთებს

”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევს.

როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, პოლიციას სოფელში რამდენიმე გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობას განუმარტავს, რომ დაახლოებით 500-600 მეტრი ფეხით უნდა გაიარონ, რომ საარჩევნო უბანზე მოხვდნენ.

”არჩევნებზე მოდიან ხანდაზმული ადამიანები და მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამხელა მანძილის ფეხით გავლა. მე მოვუწოდებ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, მისცეს ბრძანება პოლიციას, რათა გახსნან გზები და ამომრჩეველს მისცენ საშუალება საარჩევნო უბანზე მოვიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და აი, ასეთ მეთოდებს მიმართავს, რათა არ დაუშვან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა იმამკულიევმა.

მისივე თქმით, გზების გადაკვეტის შესახებ ინფორმაცია მას ყიზილაჯლოს მოსახლოებამ მიაწოდა.

აკმამედ იმამკულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი უარყოფს. როგორც ის განმარტავს, საარჩევნო უბანთან მისასვლელ გზაზე პოლიციას მოძრაობა ცალხმრივად აქვს გადაკეტილი, რათა გზაზე საცობი არ შეიქმნას. როგორც თოფჩიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არჩევნებს აგებენ და ცდილობენ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით გაამართლონ მარცხი.
ამ წუთებში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ლიდერები იმ ადგილისკენ მიდიან, სადაც მათი ინფორმაციით, პოლიციელებს გზა აქვთ გადაკეტილი.

https://www.youtube.com/watch?v=nHfJL168JzU

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის ვიზის მიღება გამარტივდა
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები ზუგდიდში განმეორებითი კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე განცხადებას ავრცელებენ