(video) „9 ოქტომბრის შუადღიდან, არ უნდა დაგვეწყო არჩევნების გამაპრავებელი რიტორიკა” – ზაზა ბიბილაშვილი

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში აცხადებს, რომ პარტიაში ძალიან დადებითი და დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს.

ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა ხალხთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ეს იყო აქამდე. მისი თქმით, აქამდე პარტიაში გადაწყვეტილებები მიიღებოდა „მცირე ჯგუფის მიერ, ახალა ეს გადაწყვეტილებები მიიღება ფართო წრის მიერ.“

„აქამდე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პრობლემა ნამდვილად იყო ის, რომ ხალხისგან ვიყავით გარკვეულწილად შორს. აღვიქმებოდით, როგორც ქედმაღლური პარტია ერთგვარად,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან ყოფილი ლიდერების წასვლასაც ეხმაურება.

„პარტია ივანიშვილმა დაამარცხა ჩვენი ძალიან აქტიური მონაწილეობით, ჩვენი შეცდომებით, ძალიან მარტივი როგორც პოლიტიკური, ასევე ტაქტიკური შეცდომებით,“ – აცხადებს ბიბილაშვილი.

ბიბილაშილის თქმით, „პარტიას უნდა ებრძოლა და ამოეწურა ყველა საშუალება ბრძოლის, რაც მათ არ გაუკეთებიათ.“

„9 ოქტომბრის შუადღიდან, არ უნდა დაგვეწყო არჩევნების გამაპრავებელი რიტორიკა. უნდა გვებრძოლა, უნდა შეგვეტანა საჩივრები ცესკო-ში, უნდა შეგვეტანა საჩივრები სასამართლოში. უნდა გვეთქვა ხალხისთვის, რომ დიახ, ძალიან დიდი პრობლემები არსებობს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ეს მესიჯი უნდა გაგვეტანა საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ თითქოს ამის საპირისპიროდ,“ – ამბობს ბიბილაშვილი.

ზაზა ბიბილაშვილი პარტიიდან 21 წევრის წასვლის მიზეზის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.

„მე ვთვლი, რომ ამ ადამიანების წასვლა შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. იქ არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებულად სხვა არჩევანი ალბათ, არ ჰქონდა, ვინაიდან, გაცნობიერებულად გადაიდგა ეს ნაბიჯი და დანარჩენი ადამიანები, რომელთაც სხვა არჩევანი არ დაუტოვეს,“ – აცხადებს ბიბილაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიიდან წასული წევრების შესახებ მიიჩნევს, რომ „ბევრი მათგანის მხრიდან, ეს არ იყო პრაგმატულად სწორი გადაწყვეტილება.“

ბიბილაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ყავს ლიდერიც და თავმჯდომარეც. ბიბილაშვილის თქმით, ლიდერი არის სააკაშვილი, თუმცა, ის არ არის თავმჯდომარე, იქიდან გამომდინარე, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის.

 

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი, მერობის კანდიდატობის ირგვლივ პარტიაში მიმდინარე კონსულტაციებზე საუბრობს. ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერობის კანდიდატად მისი კანდიდატურა განიხილება.

„მე არ ვიქნები, ამას გადაჭრით გეუბნებით, მაგრამ კონსულტაციები მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით,“ – განცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძის მერობის კანდიდატად განხილვას ვერ დაადასტურებს.

„სავარაუდოდ, შერჩეული გვყავს იმ 1045 კანდიდატიდან დაახლოებით ნახევარი, გრძელდება დანარჩენი კანდიდატების შევსება და ყველაზე უფრო გამორჩეულ ადგილებში, მათ შორის თბილისში, ცხადია, იქნება გამორჩეული პროცედურაც და კანდიდატებიც,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი. 

https://youtu.be/TwL4ro3t2WQ

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენმა ნუნესმა უარი თქვა ტრამპის რუსული კავშირების გამოძიებაზე
შემდეგი სტატიავინ მოაბეზრა თავი რუსეთის საგარეო უწყებას