ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა, თუმცა პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ – ზელენსკი

ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა, თუმცა პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არ სურს მშვიდობა, არამედ ერთადერთი, რაც მოსკოვს სურს, ომის გაგრძელებაა. ზელენსკის განცხადებით, ევროპამ რუსეთის აგერესიას ერთიანობით უნდა უპასუხოს და მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას.

„რუსეთს არ სურს მშვიდობა. მას მხოლოდ ომი სურს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მოსკოვი აგრძელებს ძალადობრივ აგრესიას დონბასში და წინ მიიწევენ ხარკოვში, ასევე აძლიერებენ პოზიციებს ჩემი ქვეყნის სამხრეთში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და უნდა ვეძებოთ გზები მშვიდობისკენ. დღეს, როდესაც საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო, ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ რუსეთი აგრძელებს ევროპის დაშინებისთვის ახალი გზების ძიებას და მეტი ჩვენი მიწის მიტაცებას. რუსეთის მიზანია უკრაინის გატეხა, შესაბამისად, ევროპის გატეხა. მოსკოვს სურს, დაანახოს მსოფლიოს, რომ ევროპული ერთიანობა არ იქნება ეფექტური და თავისუფლების დასაცავად ევროპული ღირებულებები არ იმუშავებს. ეს სურს მოსკოვს, ჩვენ კი მისი გეგმები უნდა ჩავშალოთ, ვაჩვენთ, რომ ევროპა იქნება თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი. ჩვენი ერთიანი და მტკიცე პოზიციის მთავარი გამოხატულება იქნება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეუძლია, ისტორიულად გააძლიეროს თავისუფლება, ევროპა და იქნება 21-ე საუკუნის დასაწყისში მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი საერთო, ისტორიული წარმატება. ცხადია, ჩვენ ვხვდებით, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ არის გრძელი, მაგრამ ჩვენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენ ვართ მზად, დავიწყოთ მუშაობა, რათა უკრაინა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიევროპის მოედანზე უყოყმანოდ მოვედი, რათა ვაჩვენოთ, რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, საქართველოს არჩევანი და პერსპექტივა არის ევროპულ, ცივილიზებულ ოჯახში – ბესელია
შემდეგი სტატიაევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან – აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა