ვიცი, რომ მწვავე დისკუსიაა თქვენსა და უმრავლესობას შორის და იმედი მაქვს, ვერ გაგტეხეს

ვიცი, რომ მწვავე დისკუსიაა თქვენსა და უმრავლესობას შორის და დიდი იმედი მაქვს, ბატონო მამუკა, რომ თქვენ ვერ გაგტეხეს უმრავლესობის წევრებმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც ბოკერიამ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ უმცირესობასთან შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებული პირობა, პარლამენტში რეგულარულ სიარულთან დაკავშირებით ძალაში რჩება.

„ძალიან ვნანობ, რომ გუშინ არ ვუყურე უმრავლესობის შეხვედრას თქვენთან. როგორც ჩანს, იქ რაღაც საოცრება მოხდა. კი ვიცი, რომ მწვავე დისკუსიაა ხოლმე თქვენს შორის, მაგრამ გუშინ როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული დისკუსია იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონო მამუკა, თქვენ ვერ გაგტეხეს უმრავლესობის წევრებმა და თქვენ კვლავ თანახმა იქნებით, რომ პარლამენტში იაროთ რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც, როგორც ჩვენთან შეხვედრისას იყავით მზად და არც ფრაქციებთან შეხვედრაზე არ გექნებათა არანაირი პრობლემა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, უმრავლესობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა რეფორმებზე უფრო გასაგებად ისაუბრა, ვინაიდან უმრავლესობის წევრები ამ რეფორმებზე დღეს აღმატებულად საუბრობენ.

„როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზე ასევე მართლა თქვით კონკრეტული რაღაცები, რადგან იქამდე ვერც კომიტეტზე და ვერც ჩვენთან შეხვედრაზე ვერ გათქმევინეთ ეს გრანდიოზული განათლების რეფორმა კერძოდ რა არის. იქნებ კითხვაზე პასუხისას კონკრეტულად გვითხრათ, სადღეგრძელოსა და ლოზუნგის გარეშე, კერძოდ, რას აპირებთ, მაგალითად, განათლების რეფორმაში, რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება. მე პირადად და ჩვენს თანამოაზრეებს ეს თქვენი აქტივიზმი ძალიან გვაშინებს, რადგან როგორც წესი, ეს დაკავშირებულია კონკურენციაში ჩარევასთან, ამიტომ გვითხარით რამდენად ჩარევას აპირებთ, რის გაფუჭებას აპირებთ?! ვაუჩერული სისტემის კიდევ უფრო შევიწროვებას აპირებთ თუ არა? გვინდა ვიცოდეთ რამდენად შევშფოთდეთ და რამდენად წინააღმდეგობა უნდა გაგიწიოთ ამაში?“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს
შემდეგი სტატიაჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარიისას დაშავებული ჩვილები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ