ვიარეთ წრეზე და ისევ ერთპარტიულ მმართველობასთან მივედით

usufashviliსაქართველოში ხელისუფლება შეიცვლება თუ არა, პოლიტიკურ სისტემაში ყველაფერი ინგრევა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

„გვახსოვს, როგორ მოხდა ხელისუფლების შეცვლა 1991-92 წელს და 2003 წელს. პირველი ცვლილება ზარბაზნებით იყო, მეორე კი – რევოლუციად წოდებული მოქმედებებით. მესამე ცვლილება 2016 წელს იმით დასრულდა, რის წინააღმდეგაც 2012-ში მოძრაობა დაიწყო. ეს იყო ერთპარტიული მმართველობის დასრულების სურვილი. ვიარეთ წრეზე და ისევ ერთპარტიულ მმართველობასთან მივედით. ამიტომ, უნდა გავარკვიოთ, რა გვჭირს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, დიადი იდეების მქონე ადამიანების ნაკლებობას საქართველო არასდროს არ განიცდიდა და ის იმ ადამიანებთან ისაუბრებს, რომლებსაც კონკრეტული გეგმები აქვთ.

„დღეს კონკრეტული გეგმების ნაკლებობაა და იმიტომ არის, რომ პაექრობა პროგრამების მიხედვით არ მიდის. დიდწილად, პოლიტიკური სპექტრი იმ ვითარებაში, რაშიც არის იმიტომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ პარაზიტული პოლიტიკური ცხოვრებით ვიყავით დაკავებული. ეს ბევრმა რამემ განაპირობა. ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების ჩარხი ჯერ კიდევ 1991-92 წლებში უკუღმა დატრიალდა და აქედან გამომდინარე იმ კალაპოტში ვერ ჩავჯექით, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჩასხდნენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მრავალპარტიულობა პოლიტიკური კონკურენციის აუცილებელი წინაპირობაა და პოლიტიკაში ისევეა საჭირო კონკურენცია, როგორც ბიზნესში და ნებისმიერ სფეროში, რადგან კონკურენცია უკეთესის მიღწევის მამოძრავებელი ძალაა.

„ზოგადად პოლიტიკაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კონკურენცია საჭირო აღარ არის და ჩვენთანაც, ბოლო თვეებში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სწორედ აქეთ გადაუხვიეს. მათ მიაჩნიათ, რომ იციან, ქვეყანა როგორ ააშენონ. მართალია, არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღეს, რადგან მოსახლეობამ მათი პოზიცია გაიზიარა, მაგრამ იგივე მოსახლეობა 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას იზიარებდა და მიხეილ სააკაშვილს 95%-ით ირჩევდა. მეც იგივე მოსახლეობასთან ვაპირებ საუბარს. ხალხი არც დამნაშავეა და არც პასუხისმგებელი. მოქალაქეები იმ არჩევანს აკეთებენ, რასაც სთავაზობენ და ის, რაც შეთავაზებული არ არის, ხალხი თავისით ვერ მოიფიქრებს. თუ ხალხს პოლიტიკური პროდუქტი არ შევთავაზეთ, რომელიც სწორად მიგვაჩნია, არჩევნებზე ეს თავისით ვერ გამოჩნდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ის უკვე სხვა ცხოვრებისთვის ემზადება.

„მე უკვე სხვა ცხოვრებისთვის ვემზადები. მინდა, წლების განმავლობაში დაგროვილი ხედვები და მოსაზრებები, ცოდნა, უნარი და ენერგია ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შექმნა-გაძლიერებას მოვახმარო. მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ნაბიჯი უკან და ეს მოვლენა საქართველოსთვის უნიკალური არ არის. ეს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოებშიც შეინიშნება. ჩვენ საქმე გვაქვს ლიბერალური დემოკრატიის დაპაუზებასთან, რაც მსოფლიოში ეპოქალური მოვლენაა და ამასთან დაკავშირებით, ინტენსიური დიალოგი საერთაშორისო ექსპერტებთანაც მექნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიDW-ს ინგლისელმა ჟურნალისტნმა NATO-ს გენმდივანს ,,გადაუარა,, (ვიდეო)
შემდეგი სტატიამე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი ვიქნები