ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) თავმჯდომარეობის სამეული, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის, მალტასა და ფინეთისგან შედგება, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიანი აქციის საპასუხოდ არალეგიტიმური მთავრობის ძალადობას გმობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების გაყალბებასა და ძალადობაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს. ისინი არალეგიტიმურ მთავრობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ.
“ჩვენ, ეუთოს თავმჯდომარეობის სამეულის (Troika) წევრები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ პასუხს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიან პროტესტზე, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების გამოყენება, თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გარანტირებული იყოს შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ამ ვალდებულებებთან წინააღმდეგობრივად მიღებული კანონები უნდა გაუქმდეს.
ძალადობის, არჩევნების გაყალბებისა და დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმის ყველა ბრალდება უნდა იყოს სარწმუნოდ გამოძიებული და ამ დანაშაულებზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთო-ს ჩვენი საერთო პრინციპებისა და ვალდებულებების შესაბამისად, როგორც ეს უკვე გათვალისწინებულია ჰელსინკის დასკვნით აქტში და პარიზის ქარტიაში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტები და გამოცდილება, რომელიც ეუთოს და მის ინსტიტუტებს შეუძლიათ შესთავაზონ. ეუთოს თავმჯდომარეობის სამეული (Troika) მზადაა ხელი შეუწყოს ნებისმიერი გაცვლას ამ მიზნით.
ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, როცა ისინი გამოხატავენ მათ მისწრაფებებს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი,” – წერია განცხადებაში.