10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

“ვგმობთ “ოცნების” ქმედებებს”- დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში

ვგმობთ “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციური ხმების რეპრესიის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო,_ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.

 “საქართველო კვლავ რჩება წინა ხაზად რუსეთსა და დასავლეთს შორის შავი ზღვის რეგიონში გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლაში. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიისკენ, რაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გულისხმობს. თავის მხრივ, რუსეთი მკაცრად ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსეთის სურვილი, ხელი შეეშალა საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის, საფუძვლად დაედო იმ დაძაბულობას, რამაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და 2024 წლის სადავო არჩევნები გამოიწვია.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54%-ით გაიმარჯვა, მაშინ როდესაც ეგზიტპოლების თანახმად, ოპოზიციას „ქართულ ოცნებაზე“ 10%-იანი უპირატესობა ჰქონდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა არ აღიარეს არჩევნების შედეგები, ხოლო არჩეულმა პარლამენტარებმა უარი თქვეს სადეპუტატო მანდატების მიღებაზე. სადავო შედეგებმა „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ქართულმა ოცნებამ 2012 წელს პირველი გამარჯვების შემდეგ ხელისუფლების კონსოლიდაცია მოახდინა, ჩამოიშორა ოპოზიციური ხმები, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გადასცა ჩინურ კომპანიებს და იმეორებდა პრორუსულ, ანტიდასავლურ ნარატივებს” | ვკითხულობთ ანგარიშში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში, ცალკე თავი ეთმობა ბიძინა ივანიშვილს, სადაც წერია, რომ ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა საბანკო, მეტალურგიული და ტელეკომუნიკაციების კომპანიების დაარსებით.
“კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის გაუარესების გამო, რაც ამჟამინდელი ტრაექტორიით, გამოიწვევს ქვეყნის ჩამოყალიბებას ფესვგადგმულ ავტოკრატიად, რომელიც ბელარუსის მსგავსად მყარად იქნება მოქცეული რუსეთის გავლენის სფეროში. ჩვენ ვგმობთ ქართული ოცნების მთავრობის ქმედებებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციური ხმების რეპრესიის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ეს ქმედებები იმეორებს რუსულ სახელმძღვანელოს და მიუთითებს თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს იმ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, აამოქმედოს ახალი მიზანმიმართული ფინანსური და სამგზავრო სანქციები ქართული ოცნების იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აქტს, ასევე ქართველი კლეპტოკრატიებისა და იმ ქართული მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.ეს დამატებითი სანქციები მნიშვნელოვნად გაზრდის ფასს მათთვის, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის სურვილს ევროპული კურსისადმი და იქნება ნიშანი, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და არა ავტოკრატიას”,_ ვკითხულობთ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ვაჭარაძე: ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის, ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა