საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია გამოიკითხა.
შამუგიას თქმით, იგი სოხუმელია, 23-ე ბრიგადის პირველ ბატალიონში იბრძოდა და ომის განმავლობაში გიორგი ბარამიძე არასდროს უნახავს.
„14 აგვისტოდან, ომის პირველივე დღიდან ჩავერთე და 27 სექტემბრამდე იარაღი არ გამიგდია, ვომობდი. მე იქ ბარამიძე არ მინახავს. ჩვენს პოზიციაზე, მდინარე გუმისთასთან, აჩადარას ხიდზე 4-კილომეტრიანი მონაკვეთი გვქონდა და გია ბარამიძე იქ არ ყოფილა.
რაც შეეხება ტყვეების გაცვლას და იმას, თითქოს ჩვენ ტყვეებს ვხვრეტდით, მსგავსი რამ არ გამიგია და არც მინახავს. მეომრებისა და ვეტერანების სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არცერთი ტყვე არ დაგვიხვრიტავს. ასეთი შემთხვევა არც ჩემს ბატალიონში ყოფილა და არც ბრიგადაში. პირიქით, ტყვის აყვანა ჩვენთვის დიდი წარმატება იყო, რადგან მათ ჰყავდათ ჩვენი ტყვეები, აწამებდნენ და ამით საშუალება გვქონდა, ჩვენი ხალხი დამსხვრევისგან დაგვეხსნა და გაგვეცვალა. ბრალდება, თითქოს ტყვეებს ვხვრეტდით, ძალიან მძიმეა — მკვლელებად გამოგვიყვანეს“, — განაცხადა ვეტერანმა.
ზურაბ შამუგიამ აღნიშნა, რომ ასეთი განცხადება ქვეყნისა და ვეტერანების შეურაცხყოფაა:
„ეს განცხადება მთელი საქართველოს ღალატია. მან შეურაცხყოფა მიაყენა ყველა დაღუპულის ოჯახს, იმ დაღუპულ ბიჭებსა და ყველა ვეტერანს. კაცი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და დეპუტატი, ასეთ განცხადებას რომ აკეთებს, სასირცხვილოა. მან თქვა, რომ უდისციპლინოები ვიყავით — 413 დღე უდისციპლინო ხალხის ომი გინახავთ? 413 დღე კბილებით, ხელებითა და დისციპლინით ვიცავდით აფხაზეთს. გონიერმა კაცმა ასეთი განცხადება რომ გააკეთოს, შეუძლებელია — ალბათ რაღაც ზეწოლის ქვეშ იყო“, — აღნიშნა მან.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის ინტერვიუს იაგო ხვიჩიასთან, სადაც მან განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დასაწყისში „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
მოგვიანებით ბარამიძემ განმარტა, რომ მდგომარეობა მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა, რამაც 200 ქართველი ტყვის გაცვლის შესაძლებლობა მოიტანა. შემდგომში მან დაამატა, რომ ომის პირველი დღეების აღსაწერად უკეთესი ფორმულირების შერჩევა აჯობებდა და ხაზი გაუსვა, რომ მას არასდროს უთქვამს, თითქოს ქართველები დატყვევებულებს ხვრეტდნენ.















