მოსამართლე ლელა მარიდაშვილი კლინიკაში მივიდა, სადაც 7 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, სამი პირის მკვლელობის მცდელობასა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე იმყოფება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი საავადმყოფოს პალატაში იმართება, სადაც 42 წლის კაცი მესამე დღეა მკურნალობს.
ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფიგურანტს, ნიკა კაპანაძეს ბრალი ოთხი მუხლით აქვს წარდგენილი: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა; დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა; პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.
საქმის მასალების თანახმად, ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რის შემდეგაც მან უკანონოდ დანერგილი „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის იარაღიდან მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ დაკავების სპეცოპერაციისას ბრალდებული სამართალდამცველებსაც დაემუქრა — კარის გაღებისთანავე მან „GLOCK 34 GEN 4“-ისა და „ARMALITE SPR MOD 1“-ის მოდელის იარაღებიდან პოლიციელების მიმართულებით სროლა სცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი განიარაღება შეძლეს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

















