ვერავინ ვერ შემაჩერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას… ძალიან გაუჭირდებათ პროვოკაციების მოწყობა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

სანდრა რულოვსი მოითხოვს, რომ მანუჩარ ჩხეტია ყოველგვარი სანქციის გარეშე გათავისუფლდეს. მანუჩარ ჩხეტია, ოპოზიციის ორ სხვა წევრთან ერთად გუშინ დააკავეს. მას სამართალდამცავები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება.

სანდრა რულოვსის განცხადებით ის უკვე ორი კვირაა ზუგდიდში მართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს და მას მუდმივად დაჰყვებიან და უთვალთვალებენ. მისივე თქმით სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები ცდილობენ რომ მოახდინონ პროვოკაციები.

„მე უკვე ორი კვირაა ზუგდიდში ვარ, ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან და დაგვდევს გადაცმული პოლიციელები, პროვოკატორებს ეძახიან. მერე გამოჩნდებიან შეხვედრებზე პროვოკაციებზე მოდიან და გვიშლიან ხელს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს არის დაუშვებელი,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოუწოდებს საერთაშორისო დამკვირვებლებს თვალი ადევნონ პროცესებს.

„ვერავინ ვერ შემაჩერებს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას როგორც არის დაგეგმილი. ძალიან გაუჭირდებათ მათ პროვოკაციის გაკეთება. იმიტომ რომ თვითონ ხალხი ძალიან განერვიულებულია ასეთ მიდგომაზე, მერე მოსყიდვაც იქნება, ძალადობაც მოსალოდნელია. ვთხოვ ყველას, საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდნენ,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაში“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების ღია ზეწოლის მსხვერპლია” – “ნაციონალური მოძრაობა” არხს სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ,,ტიტუშკებმა” მესამე სექტორსა და სანდრა რულოვსს შორის მიმდინარე შეხვედრის ჩაშლა სცადეს