“ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში რეალურად წერია”

პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში რეალურად წერია.

„რამოდენიმე დღის წინ, საკმაოდ ხაზგასმით იგივე იყო ნათქვამი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი პარტნიორი მიესალმება მეოთხე ტალღას, რომელიც სასამართლო რეფორმაში ხორციელდება. ამასთანავე, მოუწოდებს, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში გადაწყვიტონ დაპირისპირებულ პოზიციებზე საბოლოო შეთანხმების საკითხი. ეს არის მთავარი. ამას როგორი ინტერპრეტაცია უკეთდება, ესაა მცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად გამოიყენონ და კვლავ სპეკულაცია მოახდინონ, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაზე საუბრობს“, ვოლსკიმ უპასუხა, რომ პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობა უნდა დაიხვეწოს და გაძლიერდეს.

„განსაკუთრებით საინტერესოა პროკურატურის საქმიანობა, პროკურატურას საზოგადოებაში მეტი ნდობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ახლა უკვე გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე 2012-მდე გვქონდა. ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გადაფარვა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღეს ემსახურება პროპაგანდა, მათ შორის გარკვეული მედიასაშუალების გამოყენებით. ეს არის რეალობა. კონკრეტული საქმეები უნდა დაასახელოს ადამიანმა, სადაც ან პროკურატურას აქვს არასწორი გადაწყვეტილება გამოტანილი ან სასამართლოს. გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა რითია განპირობებული იმაზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ, რომ რადგან გიგი უგულავა პოლიტიკური ლიდერია ან ჩემულობს, რომ ასეთი იყოს, აქედან გამომდინარე თურმე არც პასპორტი უნდა ჩამოართვა და ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შემოვარდნას ლამობდნენ რევოლუციური აჟიოტაჟის ფონზე, თურმე არც ისინი არ არიან დამნაშავეები, ვინაიდან გარკვეული პოლიტიკური პარტიების წევრები ან ლიდერები არიან. ეს ასე არ არის. მთავარია თემა, რა თემაზე ედავება პროკურატურა ან სასამართლო კონკრეტულ პირებს. ზოგი საზოგადოებრივ ორგანიზაციას ამოეფარა და ზოგი ტელევიზიას“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიხმაური გორის საკრებულოში-2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცება
შემდეგი სტატია„პოლიციის უფროსის ოთახიდან გამოსული ლუკა ტიროდა და დაიწყო აღიარება“ – გარდაცვლილი მოზარდის ძმა