“ვერანაირად ვერ ასახავს ეს კვლევა რეალურ განწყობებს საზოგადოებაში,” – მმართველი გუნდი NDI-ის გამოკითხვის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

„როდესაც არის ამდენი უარი კვლევაში ან გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ვერანაირად ვერ ასახავს ეს კვლევა რეალურ განწყობებს საზოგადოებაში,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ორგანიზაცია ხშირად ცდება ხოლმე და მის მიერ დადებული შედეგები არ ემთხვევა საარჩევნო შედეგებს.

„ამას ამტკიცებს ყველა არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ძალიან მნიშვნელოვნად ცდება ხოლმე ერთმანეთს NDI-ის შედეგები და საარჩევნო შედეგები,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ამ გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა მმართველი გუნდისთვის უცნობი არ არის და ამ მიმართულებით ხელისუფლება მუშაობს.

რევაზ არველაძე კი შედეგებს 2012 წლიდან წარმოქმნილ ხელისშემშლელ ფაქტორებს უკავშირებს. დეპუტატი ამბობს, რომ მათ შორის არის ხშირად ოპოზიცია, რომლის განცხადებები ხელისუფლებას ხელს უშლის.

NDI-ის როგორც ორგანიზაციას, პატივს სცემს ირაკლი სესიაშვილი, თუმცა ამბობს, რომ კვლევები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ.

„იმდენად, რამდენადაც ამ კვლევების განმხორციელებელი ორგანიზაციები ძალიან ახლოს არიან რიგ პოლიტიკურ ინტერესებთან, თავისთავად ცხადია აქ ნათლად ჩანს ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარკვეული ნიშნები, ამიტომ ამ კვლევის მიმართ ჩემი მხრიდან არანაირი ნდობა არაა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას
შემდეგი სტატია“შევარდნაძის ხელისუფლებასაც კი ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგი ვიდრე აქვს „ქართულ ოცნებას”-ოპოზიცია NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს