„ვერ ვიტყოდი, რომ უმრავლესობის ლიდერი ინერტულია” – მამუკა მდინარაძე არჩილ თალაკვაძის დუმილზე განმარტებას აკეთებს

„ვერ ვიტყოდი, რომ უმრავლესობის ლიდერი ინერტულია,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ არჩილ თალაკვაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან არ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა არჩილ თალაკვაძე მისცა მითითება, რომ განცხადებები არ გაეკეთებინა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული ცნობები „დაინტერესებული სუბიექტური მხარიდან“ ვრცელდება.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომას გუშინ არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა, პროცესში ჩართული იყო და მსჯელობაში მონაწილეობას იღებდა.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ თალაკვაძე სხდომაზე ჩუმად იჯდა.

„მედიასთან ჩნდება ხან ფრაქციის ლიდერი, ხან პარლამენტის თავმჯდომარე, ხან უმრავლესობის ლიდერი. დღეს თუ არ არის ქალაქში არჩილ თალაკვაძე, არ ნიშნავს, რომ ის არის ინერტული. გუშინ იყო ფრაქციის სხდომაზე, იყო ჩართული, იღებდა მონაწილეობას,“- აღნიშნა თალაკვაძემ.

“ქართული ოცნების” ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.

banner
წინა სტატიაშიმცირე დაკვამლიანების გამო, „თბილისი მოლში“ განგაშის სიგნალი ჩაირთო
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის განცხადებით, პოლიციელი დაკავებით ემუქრება