თბილისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად, 20 ოქტომბერს მოქალაქეებს ზღვისუბნის პარკში კონცერტზე ეპატიჟება, სადაც მათ “დაუვიწყარი საღამო ელოდებათ”.
მერია ამავე ღონისძიებაზე ჯგუფი “მგზავრების” მიერ კონცერტის გაუქმებასაც გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერია მიიჩნევს, რომ “მგზავრებმა” ე.წ. ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების ბულინგს ვერ გაუძლეს, რაც ჯგუფის მიერ კონცერტის გაუქმების მიზეზი გახდა.
“20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ.
მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცევა.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.
სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.
ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.