,,ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ ხდება ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს”

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს, – ასე უპასუხა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს და მასში მოყვანილ ფაქტებს შეეხებოდა იმის შესახებ, რომ არ ხდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება.

ირაკლი შოთაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევაზე უსწრაფესად ხდება რეაგირება და შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნაც ხორციელდება.

„ვერ დავეთანხმები მოსაზრებებს, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს, ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს. პირიქით, ნებისმიერ ფაქტზე, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება და იწყება გამოძიება, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში კი იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის სტატისტიკა არსებობს, ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, უსამართლოა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამასთან, მთავარი პროკურორი გამოეხმაურა სამართალდამცავთა საქმეების გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე არასამთავრობო სექტორის ინიციატივას და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ”საჭიროა დაფიქრება”.

„დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს, ჩართულები არიან სახელმწიფო უწყებები, საქართველოს პროკურატურა. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მდიდარი პრაქტიკა არ არსებობს მსგავსი საგამოძიებო ორგანოების და კარგი მსჯელობა გვმართებს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრო
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის შემცვლელის შერჩევა იწყება