2026 წლის ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დაიწყო.
პირველ დღეს, 2 ივლისს, აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი ორ სესიად დაწერეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში დარეგისტრირებულთა თითქმის 95-96% გამოცხადდა.
გამოცდიდან გამოსული ახალგაზრდები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ტესტებს „საშუალო სირთულისად“ აფასებენ, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ის პარალელებია, რომლებიც მათ თხზულებებში გამოიყენეს.
პირველ სესიაზე რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (ავთანდილის და ტარიელის ეპიზოდი) და ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ მოვიდა. რედაქტირება კი მონასტრის მშენებლობაზე იყო. აბიტურიენტებმა პარალელებად ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“ და ხალედ ჰოსეინის „ათასი მოელვარე მზე“ გამოიყენეს. გურჯაანელი საბა მანიჟაშვილი კი მომავალ გამოსაცდელებს სახალისო რჩევას აძლევს: „ჩემი მერხი წერისას მოძრაობდა და ვცდილობდი სწორად დამეწერა. სხვებმა დროის დაწყებამდე მოირგონ მერხები!“
მეორე სესიაზე მთავარი საკითხი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და მურმან ლებანიძის ლექსი „ვოი“ გახდა. თეზისზე — „ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა“ — აბიტურიენტებმა ნამდვილი შემოქმედებითი ფანტაზია ჩართეს: პარალელებად მოიყვანეს „ალუდა ქეთელაური“ (კონტრარგუმენტად), „გამზრდელი“ და „განდეგილი“. ერთ-ერთმა აბიტურიენტმა კი აქტუალობის საილუსტრაციოდ ლიტერატურას ფეხბურთი ამჯობინა და ნეიმარი და მარადონა ახსენა. მეორე სესიის რედაქტირება დავით სარაჯიშვილის სახლსა და არქიტექტურას შეეხებოდა.
გამოცდები ხვალ, 3 ივლისს, კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით გაგრძელდება.















