ვენის სასამართლომ ავსტრიის ყოფილი კანცლერი, სებასტიან კურცი ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება 23 თებერვალს მიიღეს.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრიის ყოფილი კანცლერი სასამართლოს წინაშე წარდგა.
საქმის ძირითადი ყურადღება ეთმობოდა შემდეგ საკითხებს: იყო თუ არა კურცი ინფორმირებული ახლად შექმნილ სახელმწიფო ჰოლდინგურ კომპანია OBAG-ში ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ და კურირებდა თუ არა უშუალოდ ის მას.
2020 წელს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მოსმენის დროს კურცმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა მხოლოდ ინფორმაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და, რეალურად, კურცმა აქტიური როლი ითამაშა კომპანიის შექმნასა და განვითარებაში.
“მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების ეს ნაწილი უსამართლოა. აპელაცია შევიტანეთ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნება გამოტანილი”, – განაცხადა კურცმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ რაც წაყენებული სამი პუნქტიდან ის ერთში დამნაშავედ ცნეს.