ვენიდან საქართველოში დაბრუნებული 175 მოქალაქე კარანტინში გადავა

ვენიდან სამშობლოში საქართველოს 175 მოქალაქე დაბრუნდა. თბილისი-ვენა-თბილისის რეისი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა” შეასრულა. მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეა.

ყველა ჩამოსული მგზავრი სპეციალურ შემოწმებას გაივლის და კარანტინში გადავა. შემდეგი სპეცრეისი ევროპიდან 31 მარტს იგეგმება, მოქალაქეებს ამსტერდამიდან ჩამოიყვანენ.

დანარჩენი რეისები ასეთია:

თბილისი- ვარშავა – თბილისი (3 აპრილი),

თბილისი-ათენი-თბილისი (7 აპრილი),

თბილისი-ლარნაკა-თბილისი (10 აპრილი).

აღნიშნულ ფრენებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდზე. რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი. ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდებზე.

ამასთანავე, პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“, რომელიც შეასრულებს ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისს საქართველოში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების გასამგზავრებლად, 28 მარტს განახორციელებს ფრენას საქართველოს მიმართულებით. რეისზე ბილეთები ხელმისაწვდომია კომპანია „ლოტის“ გაყიდვების საიტზე. აღნიშნული რეისიც შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ასევე მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია „ჯეორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს კომპანიის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისის თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ რეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო დადგენილი გვაქვს