ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია (ვიდეო)

„ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი. საბოლოო დასკვნაში არის აღნიშნული შემდეგი: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდიციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს. დასკვნაში არის დადებითად შეფრასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომისია დადებითად აფასებს ქვეყნის გადასვლას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრესული ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს. ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ეს ყველაფერი. უშიშროების საბჭოს გაუქმება, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის თავი და ა.შ.“,– განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო კონსტიტიციურ პროექტს მესამე მოსმენით სავარაუდოდ მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არასაპარლამენტო ოპოზიციამ ლიდერთა საბჭო შექმნა
შემდეგი სტატიაინფორმაცია გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით