ვენეციის კომისიას “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტი გადაეგზავნება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიას “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტი გადაეგზავნება.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა სრულად უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან.

“რასაც ახლა ვაკეთებთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, ნამდვილად შემიძლია ვთქვა სრული გულწრფელობით, მთავარი მოტივაცია არის არა სასამართლოს დასუსტება, არამედ ის რომ სასამართლო სრულად გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან. სასამართლოს სამწუხაროდ, ჰქონდა ასეთი ტვირთი. სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო. მესმის წუხილი, რომ ბოლო განხილვები – მეორე და მესამე მოსმენა ფორსირებულად მოხდა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ ძალიან გახსნილ რეჟიმში. პრაქტიკულად კომიტეტმა გაიზიარა ყველა შემოთავაზება და შენიშვნა ერთადერთი საკითხი დარჩა, პლენუმის კვორუმი. ვფიქრობ, აქაც საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ჩვენ ამ პაკეტს თავისი განმარტებითი ბარათებით ვუგზავნით ვენეციის კომისიას და ძალიან დიდი ინტერესით დაველოდებით მის დასკვნას. ბუნებრივია, მის რეკომენდაციებზეც ვიმუშავებთ ერთად. ვფიქრობ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სასამართლოების გაძლიერებისთვის”, – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: დიდი ინტერესით ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნაციონალების დავალებაზე
შემდეგი სტატია(video) ინციდენტი ევროპის ჩემპიონატზე