ვენეციის კომისიამ კარგად იცის, რომ სისტემას კლანი მართავს

ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რომ სისტემას კლანი მართავს, ამას მიუთითებს კომისიის დასკვნა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია არ შესთავაზებდა საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს შეცვალოს კანონპროექტი სწორედ იმ მიმართულებით, რომ უზენაეს სასამართლოში მრავალფეროვნების გაზრდა უზრუნველყოს.

„თავის დროზე, მეც მას ვუწევდი რეკომენდაციას. ვთქვი, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა არ უნდა შემოვიდეს ბარიერის შესაქმნელად, ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშიც კარგად წერია, რომ მრავალფეროვნება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამაში იგულისხმება, რომ ადვოკატებს, იურისტებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, შეეძლოთ, გახდნენ მოსამართლეები და ასეთი ბარიერი საბჭოს მიერ ჩატარებული გამოცდებით არ უნდა შევუქმნათ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წევრებს ინფორმაცია შეხვედრაზე მან და საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მიაწოდეს.

„საბჭოს დაბალი ნდობის საკითხი წერილშიც ავსახეთ, რომელიც გადავეცით მე და ანა დოლიძემ ვენეციის კომიიის წარმომადგენლებს შეხვედრისას. ვუთხარით, რომ თუ სასამართლო სისტემას და საბჭოს უნდა ჰქონდეს მინიმალური ნდობა, მაშინ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი უნდა დარეგულირდეს და პროცესი უფრო სამართლიანი და გამჭირვალე უნდა გახდეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში მან თავისი და ან დოლიძის მოსაზრებებიც ამოიკითხა, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის თემაზე.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები დღეს გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტაძრის ჩაქრობის ოპერაციაში რობოტიც იღებდა მონაწილეობას
შემდეგი სტატიაშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა “პანორამა თბილისის” მშენებარე ობიექტზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო