ვენეციის კომისიამ არასაპარლამენტო ოპოზიცია 6 სექტემბერს სტრასბურგში მიიწვია

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს ვიზიტის შემდეგ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ხისტმა განცხადებებმა დიალოგის დაწყების პერსპექტივა ჩიხში შეიყვანა. სახელდობრ, მმართველი პარტიის ერთი ჯგუფი მიუთითებდა, რომ დიალოგის ფორმატში შეიძლება განხილულიყო მხოლოდ III მოსმენისთვის განკუთვნილი ტექნიკური და რედაქციული საკითხები, რაც რეალურად ამგვარ კოსნულტაციებს ყოველგვარ აზრს უკარგავდა.

25 ივლისს ვენეციის კომისიაში გაიგზავნა 9 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიმართვა („თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „თავისუფლება“, „ეროვნული ფორუმი“, „ახალი საქართველო“, „ტრადიციონალისტები“, „ვეტერანთა პარტია“). არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვენეციის კომისიას გააცნო კონსტიტუციური რეფორმის პროცესში შექმნილი ვითარება და მიმართა წინადადებით, სწორედ ვენეციის კომისიას ეკისრა შუამავლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში.

31 ივლისს 9 არასაპარლამენტო პარტიამ მიიღო პასუხი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის – ჯანი ბუკიკიოს ხელმოწერით, რომელის მიხედვითაც, ვენეციის კომისია მზად არის გაუწიოს ორგანიზება საქართველოს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრას 6 სექტემბერს, სტრასბურგში. როგორც წერილშია აღნიშნული, მას ამ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.

არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის წინადადება არის სერიოზული შანსი ხელისუფლებაზე ზეწოლისა, რათა შეჩერდეს მე-2 მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები კონსტიტუციური რეფორმის უკლებლივ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მ.შ: საარჩევნო სისტემა, ბლოკების რეგისტრაცია, საარჩევნო ბარიერი, პრეზიდენტის არჩევის წესი და სხვ.

ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი არ შეუერთდა ამ მიმრთვას, რომლებმაც კონსტიტუციურ რეფორმაზე კონსულტაციების წარმოება და კომპრომისის ძიება ამ ეტაპზე მიუღებლად მიიჩნიეს.

9 ოპოზიციური პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მომზადდეს 6 სექტემბრის შეხვედრის დღის წესრიგი და ფორმატი.

 

banner
წინა სტატიაშირა მიზნით შეხვდა „ოცნების“ წევრი ზურაბ ადეიშვილსა და დავით ბაქრაძეს – ტელეკომპანია „იბერიას“ ექსკლუზიური ინტერვიუ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს