ვენდობით თუ არა ვანო მერაბიშვილის სიტყვას, ეს ეპიზოდი გამოსაძიებელი იყო

xidasheliვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება კანონიერი იყო, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა 2030-ში.

“სტრასბურგის სასამართლოს ეს საკითხი არც ერთ ფრაზაში და წინადადებაში ეჭვქვეშ არ დაუყენებია. სასამართლოს გადაწყვეტილება შავით თეთრზე დაწერილი ტექსტია, რომელსაც შეუძლებელია, ჩვიდმეტნაირი ინტერპრეტაცია მისცე. შეუძლებელია, ადამიანი იყოს უკანონო პატიმარი, როცა სასამართლომ თქვა, რომ მისი დაკავება კანონიერად მოხდა და პატიმრობის გადაწყვეტილება კანონიერად იყო გამოტანილი,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხრობილ ეპიზოდთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო წერს, რომ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი არგუმენტები დამაჯერებელი არ იყო.

“შესაბამისად, სასამართლომ ის გადაწყვეტილება, გამოიტანა, რაც გამოიტანა. ანუ, თქვა, რომ ამ საკითხში კონვენციის მოთხოვნა დაირღვა. შესაბამისად, ამ ეპიზოდის გამოძიების აუცილებლობა დადგა. მე მაშინაც ვამბობდი, რომ იმის მიუხედავად, ვენდობით თუ არა ვანო მერაბიშვილის სიტყვას, ეს ეპიზოდი გამოსაძიებელი იყო. მე პირადად, მერაბიშვილის არც ერთ სიტყვას არ ვენდობი და ჩემთვის მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება აბსოლუტურად არალეგიტიმურია, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. როცა ასეთი ტიპის ბრალდება დგება, ის აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, თუ ვისი აზრი იკითხა მედიამ.

“მედია ადვოკატებთან მივიდა და აზრი ჰკითხა. ადვოკატის აზრი კი, ასეთ დროს ნაკლებად საინტერესოა, რადგან ადვოკატმა საკუთარი კლიენტის ინტერესი უნდა დაიცვას. მერაბიშვილის ადვოკატები რომ გამოსულიყვნენ და სხვა რამე ეთქვათ, სასაცილო იქნებოდა. მეორე მხრივ, ჟურნალისტები მიდიოდნენ ხელისუფლებასთან და ეკითხებოდნენ, როგორი იყო მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ქვეყანაში არავის გაუჩნდა აზრი და იდეა, რომ მაგალითად, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე მისულიყო და აზრი პროფესორებისთვის ეკითხა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მედია არ ეძებს ავტორიტეტებს და ქვეყანაში არ არსებობენ ავტორიტეტები, რომელთა სიტყვა საზოგადოებისთვის ფასეული იქნება.

მივმართავ მედიას, ნუ გვენდობით ნურც ჩვენ და ნურც მეორე მხარის ადვოკატებს, აზრი იმ ხალხს ჰკითხეთ, ვისაც პოლიტიკური პოზიციები არ აქვს და პოლიტიკურ კონიუნქტურას არ ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში, ცხოვრება გაცილებით უფრო მარტივი გახდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიvideo ფეხბურთის კომენტატორის დაუჯერებელი რეაქცია ისლანდიის ნაკრების გოლზე
შემდეგი სტატიასასაზღვრო-გამშვები პუნქტი “დარიალი” ორივე მიმართულებით დაკეტილია