ვენდი შერმანი: არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები ძალით

მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთი თუ კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მნიშვნელოვანი ფასი და შედეგები, გაცილებით დიდი, ვიდრე 2014 წელს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შემანმა ჟენევაში რუს კოლეგასთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები ძალით, უკარნახოს სხვა ქვეყანას საგარეო პოლიტიკა, ან აუკრძალოს სხვა ქვეყანას, აირჩიოს საკუთარი ალიანსები. ეს არის საერთაშორისო სისტემის საბაზისო პრინციპები და ეს არის პრინციპები, რომლებსაც რუსეთი წარსულში წლების განმავლობაში არაერთხელ დაეთანხმა“, – განაცხადა შერმანმა.

ამერიკელი დიპლომატიის თქმით, პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუ რუსეთი მოლაპარაკებებს გააგრძელებს და დეესკალაციისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენ დღეს მკაფიოდ ვთქვით, რომ აშშ მიესალმება ჭეშმარიტ პროგრესს დიპლომატიის გზით. ჩვენ ასევე დავადასტურეთ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ჭეშმარიტი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის. თუ რუსეთი დარჩება მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესის მიღწევას შევძლებთ. თუმცა, თუ რუსეთი დიპლომატიურ გზას გადაუხვევს, აშკარა გახდება, რომ ისინი არასდროს მისდევდნენ დიპლომატიას სერიოზულად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ვენდი შერმანმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსკოვი, რომ უკრაინაში მორიგი ინტერვენცია მას ძვირი დაუჯდება. მისი განმარტებით, ეს საფასური შესაძლოა, მოიცავდეს ფინანსურ სანქციებს, საკვანძო ინდუსტრიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, უკრაინისთვის გაზრდილ მხარდაჭერას.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მნიშვნელოვანი ფასი და შედეგები, რაც იმაზე გაცილებით დიდი იქნება, რის წინაშეც ისინი 2014 წელს აღმოჩნდნენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა განუცხადა ეს პრეზიდენტ პუტინს ბოლო სატელეფონო საუბრის დროს და მე პირდაპირ ვუთხარი ეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვს. რუსეთს სერიოზული არჩევანის გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა შერმანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ამასთან დაკავშირებით, მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთ დავით ზალკალიანთან თავისი სატელეფონო საუბარი ახსენა.

„ისევე, როგორც ყველა საკითხში, აშშ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ახალი წლის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი პირდაპირ ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ბორელს, სატელეფონო საუბარი გამართა ბუქარესტის ცხრიანთან, უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკს ვაშინგტონში და მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ შეხვედრაში. ასევე, ჟენევაში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, მე სატელეფონო საუბრები მქონდა საბერძნეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან; ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივან სანინოსთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან შმიდთან; მე ასევე მქონდა დისკუსიები საფრანგეთთან, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან და იტალიასთან“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებსა და კვირებში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა