ველოსიპედში დამალული 268 აბი სუბუტექსი – როგორ შემოიტანეს იტალიიდან საქართველოში ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წელს, პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულის სხვადასხვა ფაქტის შესახებ აცნობა საზოგადოებას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ, რამდენიმე გახსნილი საქმის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ან ნარკოტიკების ფოსტის საშუალებით გადაზიდვის შემთხვევებზე.
მამუკა ჭელიძის განცხადებით, პოლიციამ საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით, თბილისში დააკავა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი – დ.კ. და ზ.შ. , რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იტალიიდან საქართველოში, საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი” მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ვ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია 98 წლისაა
შემდეგი სტატიალეონიდ ჩერნოვეცკიმ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა