„ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა, 2022 წლის 23 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და რის საფუძველზეც საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა.
გარდა ამისა, მან ვრცლად ისაუბრა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესსა და ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.
ამ კონტექსტში, მინისტრმა განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და კოორდინაციით, 2022 წელს შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტების მონაწილეობით -საქართველოს პარლამენტის სპიკერის კაბინეტის, დარგობრივი სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე, წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შარშანაც იმსახურებდა და ის მაშინაც სრულად აკმაყოფილებდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ წინაპირობებს, იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას ქვეყნის შიგნით და იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და დღესაც ინარჩუნებს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში და მნიშვნელოვნად წინაა ევროკავშირის მოთხოვნებთან როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების ხარისხით.
მისი თქმით, საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დგამს ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციის და ინსტიტუციური ინტეგრაციის მაღალი დონის მისაღწევად.მისივე თქმით, საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ განხორციელებას და ამ ეტაპზე, შესრულებული აქვს შეთანხმების ვალდებულებების, დაახლოებით, 50% (ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი). საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხი დადებითად ფასდება ევროკომისიის მიერ.
სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. „განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო და პირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე ჩანს. “ – აღნიშნა მინისტრმა.