საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისს გამართულ მრავალათასიან საპროტესტო მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი ღიად გამოხატავს უკმარისობის განცდას და ოპოზიციურ სპექტრს კონკრეტული სამოქმედო გეგმის არქონის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ხალხის სახლში გაშვება იმ იმედით, რომ „შემოდგომაზე მეტნი შევიკრიბებით“, აპრობირებული და სრულიად უშედეგო ტაქტიკაა.
სააკაშვილი პარალელს ავლებს „ვარდების რევოლუციის“ პერიოდთან და აღნიშნავს, რომ დღეს რეალობა სრულიად შეცვლილია, რადგან ივანიშვილმა ძალადობისა და პროპაგანდის მყარი კედელი ააშენა:
„შევარდნაძეს, რომელმაც მაშინ სრულიად უტიფრად მოიპარა არჩევნები, ხალხისგან თავის დასაცავად გაბმული ჰქონდა წვრილი მავთული, რომელიც ადვილად გავწყვიტეთ. ივანიშვილს კი აშენებული აქვს სიცრუის პროპაგანდის, კოლაბორაციონისტების, სადისტი სპეცრაზმელების და ნიჰილიზმის მასიური, მსხვილი კედელი. ამ კედლის დასაძლევად მასთან უბრალო შეკრება უკმაყოფილების გამოსახატად ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს დიქტატორზე“, — წერს მესამე პრეზიდენტი.
ყოფილი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა არა კომფორტული პროტესტი, არამედ მკაცრი „რევოლუციური მანქანის“ აწყობა, რომელიც ამ კედელს მაღალ სიჩქარეზე გაანგრევს.
„ეს არ იქნება კომფორტული მარშრუტი. მანქანაში ზოგი დაჟეჟილობას მიიღებს, ზოგი ცხვირს მიარტყამს… მაგრამ თუ გაზიდან ფეხს არ ავიღებთ, კედელი მაინც გაინგრევა და გავალთ სამშვიდობოზე. ვიცი რაზე ვსაუბრობ, ასეთი იყო ჩემი მმართველობაც. თუ ახლავე არ ავაწყობთ ამ მანქანას კარგი ძრავით და ჯავშნით, კვლავ დავრჩებით წრეზე მოსიარულე, დიქტატურისთვის უსაფრთხო, სიმპათიურ ჯგუფად. ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს!“ — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

















