ვედანტ პატელი – სანქციების მიუხედავად, აშშ გააგრძელებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან ურთიერთობას „პრიორიტეტულ საკითხებზე“

1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აგზავნის თუ არა შეერთებული შტატები არაერთგვაროვან გზავნილებს, როდესაც, ერთი მხრივ, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გამო ცალკეულ პირებს ასანქცირებს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში იწვევს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ შესაბამის [ქართველ] ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ცოტა ხნის წინ „სამუშაო ვიზიტით“ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ივლისში ვაშინგტონში ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიწვიეს.

პატელის თქმით, საქართველო არის „ქვეყანა, სადაც ჩვენ კვლავ გვაქვს რიგი საკითხები, რომლებსაც გვინდა, რომ პრიორიტეტი მივანიჭოთ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში“. მან გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის წინა განცხადება, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ურთიერთობა მნიშვნელოვანია და არსებობს სხვა საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების პირველი ტრანში დაუწესა ათობით საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და კერძო მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – დებატებზე კინაღამ ჩამეძინა
შემდეგი სტატიავიქტორ ორბანი კიევშია