,,ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა”

მოლაპარაკების გზით ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა, – ამ განცხადებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსახლის პროტესტს გამოეხმაურა.

მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ პროექტს აქვს რამდენიმე მონაკვეთი, რომელთა ნაწილზეც მშენებლობა მიმდინარეობს.

„იმ მონაკვეთებზე, სადაც მოსახლეობა არ აპროტესტებს ავტობანის გაყვანას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. რაც შეეხება იმ მონაკვეთს, რომელიც არის განლაგებული კორპუსების მიმდებარედ, რომელში მცხოვრები ადამიანებიც საკმაოდ დიდი ხანია აპროტესტებენ ავტობანის მშენებლობას, ქალბატონები ბავშვებთან ერთად სამშენებლო ტექნიკის მუშაობას უშლიდნენ ხელს. ვინაიდან ჩვენ არ ვართ მიმართული ძალისმიერი მეთოდებით მოსახლეობასთან კომუნიკაციისკენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, კონკრეტულად ამ მცირე მონაკვეთზე შეგვეჩერებინა სამუშაოები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ვადაში ფიზიკურად ვეღარ მოესწრებოდა ამ სამუშაოების შესრულება, სწორედ ამ მოქალაქეების პროტესტის გამო. ამიტომ, ჩვენ ამ ეტაპზე შევწყვიტეთ ამ სესხის ფარგლებში ამ მონაკვეთის მშენებლობა, ის მონაკვეთები, სადაც შესაძლებელია მუშაობა, იქ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

რაც შეეხება იმ მონაკვეთს, სადაც ჩვენ გვაქვს მოსახლეობის უკმაყოფილება, რა თქმა უნდა მოსახლეობასთან კონსულტაციის, კომუნიკაციის და მოლაპარაკების გზით ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ავტობანი არის საჭირო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ფონიჭალის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წევრები თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, პროექტის განხორციელების შემთვევაში, ფონიჭალაში მდებარე ათამდე კორპუსს საფრთხე ემუქრება. ჯგუფის წევრები ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათთან რაიმე სახის შეთავაზებით არავინ მისულა. საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელებას არ ეწინააღმდეგებიან.

banner
წინა სტატიაშიაღაიანში დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის საქმე – გარდაცვლილის მამას ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიამიქაუტაძე: ვფიქრობ, ზომიერად ჰუმანური ადამიანი ვარ