,,ვებღაუჭებით ზღაპრებს “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”-ცოტნე გამსახურდია

,,ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა გუშინ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა: ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ისე, რომ ნატოს დაცვის მეხუთე მუხლი ამ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს.

მესმის, რომ ეს პოლიტიკურად და საზოგადოებრივად ძალიან არაპოპულარული შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც ვისაუბრებ ამ თემაზე და ვიტყვი რამდენიმე მოსაზრებას. საქართველოს ეს ტერიტორიები რუსეთს რეალურად მძევლად “ჰყავს” აყვანილი. სწორედ იმიტომ, რომ ამ ტერიტორიების გარეშე ნატოში შესვლას ვერ ვახერხებთ, რუსეთი მათ არასდროს დაგვიბრუნებს. ჩვენ უარს ვიტყვით ამ ტერიტორიებზე დროებით ან სამუდამოდ, თუ არ ვიტყვით უარს, ამით რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება? ბევრჯერ და ხშირად, ხაზგასმით, რუსეთი გვიმეორებს, რომ ის ამ ტერიტორიებს ცალკე სახელმწიფოებად მიიჩნევს და ამ აღიარებას უკან არასდროს წაიღებენ. ჩვენ კი, ტრადიციული ქართული ქარაფშუტობით, როდესაც მენტალურ ილუზიასთან დამშვიდობება უფრო ძნელია, ვიდრე გადარჩენისთვის რეალური საქმის კეთება, ვებღაუჭებით ზღაპრებს “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”.

ამასობაში, რუსეთი განა ჩერდება და კმაყოფილდება მიტაცებულით? ის აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ჩამოჭრას, ადმინისტრაციულ “საზღვარზე” პროვოკაციებს, რიგში დგას ახალციხე-ახალქალაქის რეგიონში სიტუაცია, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ააფეთქონ და სადაც რუსეთის მოკავშირე სომეხი სეპარატისტები შეიარაღებული გადაადგილდებიან ისე, რომ კაცი ხმას არ სცემს! რუსეთი ცდილობს დაანგრიოს, გააღარიბოს, დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ათწლეულებია ცდილობს მოიყვანოს საკუთარი აგენტურა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, გვიწყობს იდელოგიურ, მენტალურ დივერსიებს და ჩვენ ამისგან საკუთარი ძალებით და ქართული უუნარობით თავს ვ ე რ ვიცავთ. ამაზე არათუ რუსეთი, რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის მიკუთვნებული დავით გარეჯის ისტორიაც მეტყველებს.

მძიმედ ჟღერს, მაგრამ მარტივია კითხვა: როდესაც ხელს ან ფეხს დაჰკარგავ, უნდა გააგრძელო თუ არა სიცოცხლე? თუ ისა სჯობს, მთელი სხეული შთავარდეს რუსულ გეენას? დიახ, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ დიპლომატიური ფორმა, რის შედეგადაც შევძლებთ ნატოში გაწევრიანების დაწყებას ამ ტერიტორიების გ ა რ ე შ ე, მაგრამ დავიტოვებთ ამ ტერიტორიებზე მორალურ-სამართლებრივ უფლებას ისტორიულ პერსპექტივაში.

პ.ს. დღეს, სხვადასხვა ჯურის მორუსეთოების ატეხილი წიოკი რასმუსენის ინიციატივასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ ეს გზა კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს!”-წერს ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაში„ოცნებამ“ ურჩი დეპუტატების დასჯა დაიწყო- რატომ მიდის პარლამენტიდან შოთა შალელაშვილი?!
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა არის პირდაპირი ზეწოლა მოსახლეობაზე