პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან მიმდინარე შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ვარშავის სამიტიდან საქართველოს აქვს პოზიტიური მოლოდინები. კვირიკაშვილმა ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა.
“გვიახლოვდება ვარშავის ნატოს სამიტი, რომელზეც ველით საქართველოს პროგრესის დაფასებას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე. ნებისმიერი ადამიანს, რომელიც სპეკულირებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნებზე, მინდა კვლავ დავუდასტურო, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და მთავრობა მიჰყვება ამ ნებას. ჩვენი მიზანია მივუახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან. საბოლოო მიზანი კი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა. სხვა ალტერნატივა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არ არსებობს. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ რუს პოლიტიკოსებს ვუგზავნით გზავნილებს, რომ საქართველოს დასავლური მისწრაფებები არ არის ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ მიმართული. ეს კეთდება რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. ვცდილობთ შეძლებისდაგვარად კონსტრუქციულები ვიყოთ რუსეთთან, მაგრამ არა ჩვენი სტრატეგიული ამოცანების – ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დათმობის ხარჯზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.