,,ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები”

ჩვენ ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეოთხე ყრილობაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას იყოს ევროპის ნაწილი.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატოსკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს გვიჭერს ამ საქმეში – ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, რომელიც წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებული შტატებს ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა. ჩვენ ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

„ეს არის ის, რაც არაფერში არ გაიცვლება. ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანებაა. ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული, სტაბილური და ეკონომიკურად კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩვენთან ყოფნის სურვილი. მათ უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც დღეს გვაქვს, რაც მომავალში გვექნება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროპაში უვიზო მიმოსვლასაც ვგულისხმობ. სწორედ ასე, სიკეთითა და შერიგებით შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და გავამთლიანოთ საქართველო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პარტიის მთავარი მიზანია შეძლებისდაგვარად საუკეთესო პირობები შეუქმნას თითოეულ მოქალაქეს, დავიცვათ მათი უფლებები და მივცეთ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

https://youtu.be/hHvT62mpoMc

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ,,ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა წარადგინა
შემდეგი სტატია,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეოთხე ყრილობა დასრულდა