ვაზილ ჰუდაკი – ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის რეგიონში საქართველო მთავარი პარტნიორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.

შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჰუდაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის პარტნიორია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ფარგლებში. ჩვენთვის, ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის საქართველო მთავარი პარტნიორია ხსენებულ რეგიონში. მთავრობის მეთაურთან განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი განაგრძობს საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას.

„ევროპასთან დამაკავშირებელი ეს გზა მნიშვნელოვანია დიდ ევროპულ ოჯახში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის. მხარს დავუჭერთ ასევე ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებას: ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მოდერნიზებას. ამ კონტექსტში გვსურს, ახალ, ინოვაციურ საქმიანობას შევუწყოთ ხელი, რადგან საქართველოს გამოგონებებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, მაგალითად, ელექტრომობილობა, ადგილობრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა ევროპის საინვესტციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

„ამდენად, სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოდერნიზებას, რათა ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უსაფრთხო გახდეს მგზავრობა.

ძალიან კარგი საუბარი შედგა. ველი მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ყველა ამ ინიციატივაში ჩვენი ჩართვის შესაძლებლობით გამოწვეულ სიხარულს. საქართველოში, ამ ლამაზ ქვეყანაში, ევროპის საინვესტიციო ბანკის აქტიურობა ნამდვილად გვაბედნიერებს“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში”-გახარია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ეფექტურად მომუშავე უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრს ღრმა, სისტემური ანალიზის საშუალებით, მიეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი