ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. როგორც ვაჟა სირაძე აღნიშნავს, საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

„ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის. საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ ყველას, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. შეუძლიათ, გამოხატონ თავიანთი უფლებები, სიტყვის თავისუფლებას ჩვენ არავის ვუშლით. ჩაატარონ აქცია მშვიდ ვითარებაში, უბრალოდ ნუ გადაკეტავენ პარლამენტის შესასვლელს და ნუ მოახდენენ პარლამენტის პიკეტირებას“,- განაცხადა სირაძემ.

მისივე თქმით, ვინც არ დაემორჩილება მოთხოვნას და მოახდენს შესასვლელების პიკეტირებას, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ მისცემენ დეპუტატების საშუალებას, რომ პარლამენტის შენობა დატოვონ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

banner
წინა სტატიაშიშოთა დიღმელაშვილი – რაღაც მონების აჯანყების სცენარი დადგეს
შემდეგი სტატია” ერთი გადაწყვეტილების გამო ქვეყანა არ უნდა ავრიოთ”-მამუკა მდინარაძე