ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ , ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი განცახდებას ავრცელებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 19 ნოემბერს გაავრცელა მორიგი განცხადება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. ამ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არსებული მონაცემებით, „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, „გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს დილით, ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე სოფელ საკორინთლოში, საიდანაც უკანონოდ გადაკვეთა საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილს დანიშნული ჰყავს სახელმწიფო ადვოკატი.

ამავე განცხადების თანახმად, ნოემბრის დასაწყისიდან დაკავებულია ე.წ. საზღვრის 40 დამრღვევი. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს“ უკავშირებს სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებას და უწოდებს „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებს, რაც მიმართულია ცნების – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის განადგურებისა და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზიისკენ“.

„მითითებული მიზეზის გამო, სამხრეთ ოსეთის პასუხი გაფრინდაშვილის და მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე დევს მხოლოდ სამართლებრივ სიბრტყეზე, მიმართულია რეციდივის და დაძაბულობის ესკალაციის არდაშვებისკენ და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ცხინვალში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მოსახლეობამ არ იცის განსხვავება საარჩევნო სისტემებს შორის, შეიძლება არც უნდა იცოდეს
შემდეგი სტატიააქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ