ვაჟა გაფრიდაშვილის ოჯახი : მთავრობისგან ვითხოვთ ნაბიჯებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის რადიკალურ ფორმებს მივმართავთ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 1 თვე გავიდა.

ამ თემაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა ბრიფინგი გამართა.

„თავიდან თუ დავიწყებთ, 9 ნოემბერს, ზუსტად 1 თვის წინ ჩვეულებრივად დაიწყო დილა და ოჯახი ვგეგმავდით შაბათ-კვირას, ვაჟამ თქვა, რომ პაციენტი უნდა მოენახულებინა კასპში და მალე დაბრუნდებოდა. შემდეგ იყო ზარი, რომელმაც მთლიანად ამოატრიალა მთელი ჩვენი ცხოვრება. ჩემს ნომერზე შემოვიდა ვაჟას ზარი და მითხრა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და სადღაც მიჰყავდათ, ალბათ ცხინვალის ციხეში. როგორც კი შევიტყვეთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოებს და იმავე საღამოს დაგვიბარეს გორის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაადასტურეს, რომ იგი იმყოფებოდა ერთ-ერთი რუსული სამხედრო ბაზის იზოლატორში. გვითხრეს, რომ ორშაბათს გაიმართებოდა სასამართლო და მას გაათავისუფლებდნენ. ინფორმაცია პრესაში მხოლოდ მეხუთე დღეს გავრცელდა – ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, როდეასც ოსურმა მხარემ თავის ვებ-გვერდზე მისი დაკავების შესახებ განცხადება განათავსა. ამ დღემდე ოჯახს ეს ფაქტი არ გაუხმაურებია, რადგან გვქონდა რეკომენდაცია შესაბამისი უწყებებიდან, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავდა, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა ვაჟას მდგომარეობაზე იზოლატორში. ამ პერიოდში მუმდიმივი კომუნიკაცია გვქონდა სამთავრობო უწყებებთან, კერძოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და უშიშროების სტრუქტურებთან.

გახმაურების დღიდან სახალხო დამცველის აპარატი ჩავრთეთ და შემდეგ უკვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, რომლის მეშვეობით მოხდა კერძო ადვოკატის დაქირავება, ჩრდილოეთ ოსეთიდან. ამ პერიოდში ცხელი ხაზი მუდმივად გააქტიურებულია. ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას ასე, მაგრამ რამდენად სანდო იყო ეს ცნობები, არ ვიცოდით. ამიტომ, მუდმივად ვცდილობდით დამატებითი გზების მოძებას.

მხოლოდ ტყვეობის მეხუთე დღეს, საღამოს გვაცნობეს, რომ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია ცხინვალის რეგიონში, არის წითელი ჯვარი. ჩვენ იმ საღამოსვე მივმართეთ მათ და გავატანეთ წერილი ვაჟასთან. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ამანათზე უარი გვითხრეს. მხოლოდ მეორე ვიზიტის დროს დაგვრთეს ნება ამანათის წაღებაზე და ისიც 10 დღე ცხინვალის ოფისში იდო. ტყვეობის მეშვიდე დღეს გაგვაგებინეს რომ ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც მას მიესაჯა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით.

მე-8 დღეს სახელმწიფო სტრუქტურის ოფიციალური წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ვაჟა 2-3 დღეში გათავისუფლდებოდა და დაუბრუნდება ოჯახს. ეს 2-3 დღე და ეს მოლოდინი გრძელდება დღემდე. იყო შემდგომი დაპირება, რომ 2 დღეში 100%-ით გათავისუფლდება”, – აცხადებენ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა