ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო წლებში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკის ზრდისა და განხორციელებული უმაღლესი და მაღალი და დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობა. ამ მხრივ, განსაკუთრებული მოვლენა იყო 2016 წელს, რომის პაპის, ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტი.

დავით ზალკალიანის თქმით, განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს.

მთავარეპისკოპოს გალაჰერის განცხადებით, წმინდა საყდარი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის ფაქტები – თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა პაპი ფრანცისკეს მიერ თბილისში გაჟღერებული სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობიანი თანაარსებობა სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, წმინდა საყდარი მიესალმება სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ინიციატივებს. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას.

მთავარეპისკოპოს გალაჰერის თქმით, თანამედროვე გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ქვეყნის განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ წმინდა საყდარი მხარს უჭერს საქართველოს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავარეპისკოპოსი გალაჰერი ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.

სახელმწიფო მდივანი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. დაგეგმილია მისი საჯარო ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ვინც ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ნამდვილი არ არის, სინდისგარეცხილია
შემდეგი სტატია1-ელ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება