„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვასო ურუშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაჟღერებულ სტატისტიკას ეხმაურება და მას მცდარს უწოდებს. ურუშაძის თქმით, დედაქალაქში პიკის საათში 900 ათასი ავტომობილის გადაადგილება რეალობას არ შეესაბამება.
„მან დაასახელა ციფრი 900 000, რაც ცალსახად არის ტყუილი. თბილისში 850 000-ის ფარგლებშია რეგისტრირებული ავტომობილი (მათ შორის 750 000 მსუბუქი), თუმცა აქ შედის ექსპლუატაციიდან გამოსული, დაშლილი და ჯართში ჩაბარებული მანქანებიც. მთელი საქართველოს მასშტაბით, 2025 წელს ტექდათვალიერება 1 300 000-მა ავტომობილმა გაიარა. არარეალურია, რომ აქედან 900 000 თბილისში იყოს და თან ყველა ერთდროულად, პიკის საათში გადაადგილდებოდეს“, — განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ვასო ურუშაძის თქმით, საცობები თბილისში არასწორი მენეჯმენტისა და კორუმპირებული ხელისუფლების შედეგია, რომელიც მერიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და ინიციატივებს არ ითვალისწინებს.
„თბილისი არის 720 კვ.კმ და ცხოვრობს 1,3 მლნ ადამიანი, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. ამ დროს სინგაპური 719 კვ.კმ-ია, ცხოვრობს 6 მილიონი ადამიანი და გადაადგილება ერთი დიდი სიამოვნებაა“.
მერიის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2012 წლამდე დედაქალაქში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი იყო, დღეს კი პიკის საათში 900 ათასამდე მანქანა გადაადგილდება.
ნაკადების დარეგულირების მიზნით, მერია პრობლემურ სატრანსპორტო კვანძებსა და გზაჯვარედინებზე სპეციალური საგზაო კვადრატების ქსელის, ე.წ. Yellow Box-ების დახაზვას გეგმავს, რათა მძღოლებმა გზაჯვარედინების ჩახერგვა და მოძრაობის შეფერხება ვერ შეძლონ.















