ვასო ურუშაძე: პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობების დიდი ნაწილი შავი ფულია

“ქართული ოცნების“ შემთხვევაში ადგილი აქვს წინასაარჩევნოდ შავი ფულის კარუსელს. ამას მოწმობს ანგარიში, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა. – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მის თქმით, სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის არმქონე პირები, უმეტესწილად, შემოწირულობებს სხვა პირების ნაცვლად, ან თავად პოლიტიკურ პარტიაში არსებული არალეგალური ფულის დეკლარირებისთვის აკეთებენ.

„არსებობს ამის არაერთი მაგალითი, რომელიც ჩვენს ახალ ანგარიშში დეტალურად არის მოცემული. შემოწირულობების საკითხთან დაკავშირებით „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა სექტემბერში ერთი ანგარიში უკვე გამოაქვეყნა, სადაც გამოკვლეული იყო ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობას და სახელმწიფოსგან იღებენ დაფინანსებას ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვის გზით. ახალ კვლევაში გამოვააშკარავეთ ის ფიზიკური პირები, რომლებიც აკეთებენ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ დიდი ოდენობით შემოწირულობებს, თუმცა არ არიან სამეწარმეო-ეკონომუკურ საქმიანობაში ჩართულები.“- განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, 2020 წელს 12 ოქტომბრამდე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს მიღებული აქვთ 29 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა, საიდანაც 51 % მოდის სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ზე.

„კვლევის დროს გადამოწმდა ფიზიკური პირები, რომლებიც აკეთებენ შემოწირულობებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. კვლევის ფარგლებში მოხდა იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული აქვთ 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოწირულობა და, ამავდროულად, არ ახორციელებენ სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობას. პირების 56.5%, რომლებმაც განახორციელეს 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოწირულობა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველია. საინტერესოა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აღნიშნული მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, მაშინ როდესაც შემოწირულობების საერთო ოდენობით მეხუთე ადგილზე იმყოფება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილიც მოდის მსხვილ შემომწირველებზე.“- განმარტა ურუშაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს შემოწირულობებთან დაკავშირებით ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციით.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, სხვებისგან განსხვავებით მე წესებს ვიცავ, პირბადეს ვატარებ ყოველთვის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში