ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელობა მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს 240 ლარისა და 10 თეთრის უკან დაბრუნებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერილს აქვეყნებს.
“დახვრეტის მერე,ოჯახის წევრებს ტყვიის ფულს რომ ახდევინებდნენ.რა ვერ დავსვი წერტილი.იმედია ეს ბოლოა!”_ ასე ეხმაურება ნანკა კალატოზიშვილი მიღებულ წერილს.
წერილში კი, რომელსაც ხელს აწერს თეატრის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ლევან აბულაძე წერია:
_სსიპ – თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 2026 წლის 20 თებერვალს თქვენზე გაიცა თებერვლის თვის სრული თანამდებობრივი სარგო. თუმცა თქვენი პირადი განცხადების საფუძველზე, 25 თებერვლიდან შეგიწყდათ შრომითი ხელშეკრულება და თებერვლის თვეში, თქვენს მიერ ფაქტიურად ნამუშევარმა დღეების ოდენობამ შეადგინა 15 სამუშაო დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის შრომის ანაზღაურება.
ნანკა კალატოზიშვილმა რამდენიმე კოლეგასთან ერთად ახალი თეატრი 21 თებერვალს დატოვა. მიზეზი თეატრის შენობის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნა გახდა. ბანერი ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის შოუს გადაღებების გამო ჩამოხსნეს.


















