ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით,
მისი მთავარი გეგმაა, ტელევიზია მედიაბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე გახდეს.

როგორც მაღლაფერიძემ „მოამბესთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ტელევიზიის კოლექტივთან ერთად დაძაბულ მუშაობას ორშაბათს დილიდან შეუდგება, რათა არსებული მდგომარეობა შეისწავლოს.

„ორშაბათიდან უნდა დავიწყოთ ინვენტარიზაცია და აღვწეროთ, რა შესაძლებლობები გაგვაჩნია. დავიწყებთ გრძელვადიანი გეგმის შედგენას, რომელშიც ყველა აქტივობა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ზუსტად იქნება გაწერილი. უმოკლესი გზა უნდა დავსახოთ, როგორ შევძლებთ ბაზრის ძირითად მოთამაშეებად გახდომას“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ახალი გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი საყრდენი საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ინტელექტუალური რესურსი იქნება, თუმცა, არსებულ მენეჯმენტში ცვლილებებსაც არ გამორიცხავს.

„გასაუბრებებზეც აღვნიშნე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არის საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც სწორად ორგანიზება სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ძირითადი საყრდენი ადგილობრივი კადრები იქნება. შეიძლება მენეჯმენტში გარკვეული ცვლილებები მოხდეს, რაც ბუნებრივია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის გახსნილი იქნება საჭირო კადრებისთვის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ საინფორმაციო სამსახური იქნება, სადაც ახალი ამბები მზადდება.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად დღეს აირჩიეს.

მან, მეორე ღია კენჭისყრის შედეგად, სამეურვეო საბჭოს წევრების 6 ხმა მიიღო.

ამავე თემაზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა

banner
წინა სტატიაში“სამარცხვინო გადაწყვეტილება…რომ შემძლებოდა სტვენა, დავუსტვენდი”- ტუღუში
შემდეგი სტატიაბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა