ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის განცხადებაში, რომელშიც ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს, დავით ზალკალიანს მიესალმება.

„საქართველომ 1991 წლის 26 მაისს მოიპოვა დამოუკიდებლობა. ქართველი ხალხი და ქართული დიასპორა ამ თარიღის 31 წლისთავს დიდი სიამაყით აღნიშნავს.

ქართული სათვისტომო არის ვაშინგტონის სოციალური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ქვეყნის შესანიშნავი კულტურისა და ისტორიის წამოწევას ახდენს ქართული ცენტრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დააფუძნეს პირველი თაობის იმიგრანტებმა, რომლებიც აშშ-ში უკეთესი ცხოვრების ოცნებით ჩამოვიდნენ.

კოლუმბიის ოლქს აქვს პატივი და მოხარულია, მიესალმოს საქართველოს ახალ ელჩს, დავით ზალკალიანს, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს.

ელჩი ზალკალიანი 9 ივნისს უმასპინძლებს მიღებას, რომელზეც აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის 30-წლიან დიპლომატიური ურთიერთობები.

ვაშინგტონის მერი 26 მაისს, ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ აცხადებს“, – ნათქვამია მერის განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ავრცელებს. ის მადლობას უხდის ვაშინგტონის მერს.

„მოხარული ვარ ვიხილო, რომ ვაშინგტონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს ჩვენთან ერთად. მადლიერი ვარ ვაშინგტონის მერის, ბოუზერის, რომელმაც 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა ვაშინგტონში და ჩემი მიღებისთვის აშშ-ის ლამაზ დედაქალაქში“, – წერს დავით ზალკალიანი.

წინა სტატიაშითეა წულუკიანი: იან კელის „ნაცმოძრაობის“ სიყვარული საქართველოდან თან გაჰყვა და განაგრძობს „პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას
შემდეგი სტატიაეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული იულონ გაგოშიძე თეა წულუკიანს პასუხობს