გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე გაეცნო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების გეგმას.
ელჩის თქმით, ამ ინიციატივამ, შესაძლოა, იმუშაოს.
„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა. ჩვენ გვჯერა, რომ ის აყალიბებს სტრატეგიას და გეგმას, რომელმაც შესაძლოა, იმუშაოს. ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწევთ“, – აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არასოდეს დაუკარგავს იმედი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, ეს ეხება როგორც ღაზას სექტორში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას.
თომას-გრინფილდმა თქვა, გარკვეული პროგრესი შეიძლება მიღწეულ იქნეს ომის დასასრულებლად.
გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირველად ისაუბრა გამარჯვების გეგმაზე.
16 სექტემბერს, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ გამარჯვების გეგმა უკვე 90%-ით მზად არის.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ გეგმა ხუთი პუნქტისგან შედგება – ოთხი ძირითადი და ერთი, რომელიც უნდა შესრულდეს ომის დასრულების შემდეგ.