გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Washington Times», საქართველოსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს

jariგავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Washington Times», საქართველოსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

როცა 2014 წელს უკრაინაში „მაიდნის რევოლუციამ“ იფეთქა, დასავლელ ლიდერებს თავიდანვე უნდა გამოეცნო, რომ რუსეთი კიევშიც იგივე სცენარით ისარგებლებდა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ერთთ მოწყვლად ადგილში – საქართველოში გამოიყენა“, – წერს ჟურნალისტი ტოდ ვუდი.

კრემლმა ხელი შეუწყო სეპარატიზმის გაჩაღება-განვითარებას სამხრეთ ოსეთში – საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში და საქართველოს ჯარს 2008 წელს სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა გარდა იმისა, რომ არმიას თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტი დაეცვა. სწორედ იმ დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიები, დაანგრია ინფრასტრუქტურა და ქართული ჯარი ოთხ დღეში გაანადგურა, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავისი რეგულარული შეიარაღებული ძალების ყოფნა გააფართოვა.

„ეს იგივე მეთოდებია, რომლებიც ჩვენ მოგვიანებით აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში ვნახეთ – მუდმივი მცდელობა იმისათვის, რომ რუსეთმა ყოფილი საბჭოთა ტერიორიები დაიბრუნოს. ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ მოსკოვი სერიოზულ დაბრკოლებას და წინააღმდეგობას არ წააწყდება. როგორც კი კონფლიქტურ ზოებში ახალ ფსევდოსაზღვარს დაადგენს, კრემლი საქართველოს დანარჩენ რეგიონებში სიტუაციის არევას შეეცდება, რათა არ დაუშვას ქვეყნის ინტეგრირება ნატოსა და ევროკავშირში“, – აღნიშნავს ავტორი.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს კრემლი ცდილობდა საქართველოში თავისი მიზნები განეხორციელებინა, ცდილობდა ხელი შეეშალა რეფორმების გატარებისათვის, მხარს უჭერდა ოპოზიციას და ამ მხრივ ფართოდ იყენებდა დაზვერვას.

თავის მხრივ, ნატოს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს მხოლოდ მაშინ დართავს ნებას ალიანსის რიგებში გაწევრიანებისათვის, როცა ყველა წინასწარი პირობა იქნება შესრულებული… მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ მოლოდინში საქართველო ნელ-ნელა უკან მიდის – საბჭოური კორუფციისა და სტაგნაციისაკენ (ცხადია, მოსკოვის გარკვეული დახმარებით), რაც თბილისს ნატოში გაწევრიანებისათვის წინასწარი პირობების შესრულებაში ხელს უშლის. საქართველოს უარს არ აცხადებს რეფორმების გატარებაზე, მაგრამ მათი რეალიზება სულ უფრო ნელი ტემპით ხდება, რეფორმები „ბუქსაობს“… ქართველი რეფორმატორები დასავლეთს დახმარებას სთხოვენ, რათა ქვეყანა „ბნელ საბჭოთა წარსულს არ დაუბრუნდეს“. ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს მდებარეობას სტრატეგიულად და მომგებიანად მიიჩნევს, შესაბამისად, თბილისი ფიქრობს, რომ მისი ჩრდილოელი მეზობელი თავისი მიზნების შესასრულებად ყველაფერზე წამსვლელია. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ბედი აზერბაიჯანმაც და ყაზახეთმაც გაიზიაროს.

ნატოსათვის კარგი იქნებოდა, რომ მას მაგალითი რუსეთისაგან აეღო და იგივე საბჭოური ქრესტომათიული მოდელის მიხედვით დაეწყო მოქმედება – როცა კრემლი მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს დაკარგული იმპერიის აღდგენას.

„დღეს რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტს აკონტროლებს და ეს რიცხვი, ალბათ, მომავალში გაიზრდება. ამერიკის შეერთებული შტატები ადრე საზღვარგარეთ დემოკრატიასა და თავისუფლების დამცველი იყო და ეს პოლიტიკა უნდა დაბრუნდეს. ამისათვის რუსეთთან ომი საჭირო არ არის. საჭიროა მხოლოდ აშშ-ის ხელმძღვანელობის მტკიცე ნება, რაც ასე გვაკლდა ბოლო ორი საპრეზიდენტო ვადის მანძილზე“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი კიდევ ერთხელ მოატყუა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ზოგიერთი ”რესპუბლიკელი” ცუდი ენით აკეთებს განცხადებას, რაც ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს