ვაშაძე – რადგან მეორე შეხვედრაზე შევთანხმდით, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებას ველოდებით

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 18:54

ვაშაძე – რადგან მეორე შეხვედრაზე შევთანხმდით, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებას ველოდებით

რადგან მეორე შეხვედრაზე შევთანხმდით, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებას ველოდებით და რაღა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ არის ასეთი სივრცე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს. ვაშაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დიპლომატების პირადი მოწვევით ვიყავით ამ შეხვედრაზე. მოდით ასე ვთქვათ, ორივე მხარემ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით, აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა, არ ვიცით კონკრეტულად როდის, მაგრამ ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი ამ შემთხვევაში. ჩვენ ის დავაფიქსირეთ, რასაც საჯაროდ ვამბობდით, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება და საარჩევნო პროცედურების ცვლილება, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის ბოიკოტი და რაღა თქმა უნდა, ეს არის აქციების გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, 14 ნოემბრის აქცია კვლავ ძალაში რჩება.

„რა თქმა უნდა, ძალაშია შაბათს, 15:00 საათზე აქცია და პარალელურად ველოდებით შემდგომი შეხვედრის თარიღს. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს იმისთვის, რომ ძალიან ბევრს აკეთებენ, რომ შეთანხმება მოხდეს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ჯერ კომპრომისებზე საუბარი ნაადრევია.

„პირდაპირ გეტყვით, დღეს კომპრომისთან დაკავშირებით საუბარი ძალიან რთულია, ჩემი აზრით, ნაადრევია, არასწორი იქნება. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მყარად ვართ ჩვენს პოზიციაზე. ჯერ პირველი შეხვედრა იყო, გავცვალეთ პოზიციები, მათ შორის მტკიცებულებები, სხვადასხვა საკითხები. მადლობა ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს, ვინც ეს შესაძლებლობა მოგვცა“, – აღნიშნა მან.

region
ავტ.: region ნოემბერი 12, 2020 18:54